სკოლის ისტორია



მუზეუმი - ესაა წარსულის და მომავლის შეხვედრის ადგილი აწმყოში.
სკოლა, რომლის დაარსებაში უდიდესი ღვაწლია ერის სულიერი მამებისა: ილიაჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის არ შეიძლება იყოს მუზეუმის გარეშე.
ვირტუალურად გადავიდეთ მე-19საუკუნის მიწურულის კეკლუც და პეწიან ქუთაისში, მის ბულვარში იკრიბებოდა ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი; ერის ბედზე დაფიქრებულნი ოჯახურ შეკრებებზე საგანმანათლებლო საკითხებზე ბჭობდნენ, თათბირობდნენ და კამათობდნენ.
1979 წლის 15 მაისს შედგა წ.კ.გ.ს-ის პირველი ოფიციალური კრება, რომელმაც პირველ თავმჯდომარედ აირჩია  დიდი ქართველი მამულიშვილი დიმიტრი ყიფიანი, თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) დიდ ილია, რომელიც მოგვიანებით თვითონ ასრულებდა თავმჯდომარის საპატიო მოვალეობას, მდივნად ალექსანდრე სარაჯიშვილი, გამგეობის წევრებად კი - იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ვანო მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი და სხვანი, აგრეთვე საზოგადოების ნამდვილი წევრნი.
„ . . . ამისთანა მაღალმნიშვნელოვანი  საზოგადოება ჩვენში  ჯერაც არ დაბადებულა, მას დანიშნულებად აქვს არა რაიმე დაბალი საგანი, არამედ იმისთანა უძვირფასესი საუნჯე ადამიანისათვის, როგორიც არის ერის განათლება. იგი ემსახურებოდა არა ერთი რომელიმე წოდებას ქვეყნისასა, არამედ ვალად იღებს ზრუნვას მთელ ერზედ“ - წერდა საზოგადოების დაარსებისას იაკობ გოგებასვილი.
საზოგადოებამ  არსებობის მანძილზე  40 სკოლა გახსნა  საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში. მათ შორის იყო შემდგომში სახელგანთქმული ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია, რომელიც საზოგადოების დაუღალავი მოღვაწეობის შედეგად დაარსდა 1880 წლის 3 თებერვალს. იგი ორი ათეული წლის მანძოლზე არსებობდა, როგორც სათავადაზნაურო სკოლა და მხოლოდ 1900 წელს გადაკეთდა გიმნაზიად. სკოლის პირველ ზედამხედველად (დირექტორად) იმავე 1880 წელს დაინიშნა გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე.
1884-8586 წლებში ქუთაისის სააზნაურო სკოლაში პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდნენ შემდეგი პირები:
1)     ალექსი ჭიჭინაძე (მოსკოვის იურიდიული ფაკულტეტი);
2)     სპირიდონ მატარაძე (თბილისი სასულიერო სემინარია)
3)     ბარბალე ვოლსკაია (ქუთაისის ქალთა გიმნაზია);
4)     სპირიდონ ჯორჯიკია (ნოვორისიისკის უნივერსიტეტი, მათემატიკის ფაკულტეტი);
5)     სიმონ ღოღობერიძე (კიევის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი);
6)     სილოვან ხუნდაძე (პეტერბურგის  უნივერსიტეტის აღმოსავლური ენები);
7)     ბესარიონ ნიჟარაძე (სასულიერო სემინარია);
8)     ფილიმონ ქორიძე (სასულიერო სემინარია);
9)     სიმონ ხეჩინაშვილი (მოსკოვის უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტი).
დაარსებიდან პირველი ექვსი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა განათლებული, პედაგოგიური ალღოთი და ტაქტით უხვად დაჯილდოვებული პიროვნება ალექსი ჭიჭინაძე, 1886 წელს ის თბილისში გადაიყვანეს სამუშაოდ.
1886 წელს ინსპექტორის თაამდებობაზე დაინიშნა გამოცდილი პედაგოგი სპირიდონ ჯორჯიკია. დანიშვნიდან ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
1886 წელს სკოლის ხელმძღვანელად შეირჩა ვასილ ყიფიანი, კარგი პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. იგი 1895 წელს თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.
1895-1896 სასწვლო წლებში ქუთაისის ქართულ სკოლას განაგებდა სიმონ ღოღობერიძე - კარგი პედაგოგი  და მეთოდისტი ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს თნამდებობიდან.
1897 წელს სკოლის მეთაურად დაინიშნა ალექსანდრე გარსევანიშვილი - განათლებული  დიდი საზოგადოებრივი  ინტერესების მქონე პიროვნება. 1900 წელს მანაც დატოვა თანამდებობა.
1900 წლის ივნისიდან 1901 წლის იანვრამდე - 6 თვით სკოლას უხელმძღვანელა მიხეილ ჩინჩალაძემ.
ანტონ ლორთქიფანიძისეული შენობა სკოლას ვეღარ აკმაყოფილებდა. საჭირო შეიქნა ახალი ბინის მოძიება. 1898 წლის სექტემბერში ჯერ კიდევ ალექსანდრე  გარსევანიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში სკოლა გადავიდა საფიჩხიის ტერიტორიაზე, ახლანდელი უკრაინკას ქუჩის #5-ში ჯაიანის სახლში.
1900 წლის ბოლოს ქუთაისის ქართულ სკოლაში მეტად დაიძაბა ვითარება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მდგომარეობის შესასწავლად შექმნა კომისა. ამ კომისიის ერთ-ერთ წევრად დამტკიცებული იყო ქუთაისის კერძო დაწყებითი სკოლის დირექტორი იოსებ ოცხელი. მისი ცოდნის, გამოცდილებისა და პირადი ადამიანური თვისებების გათვალისწინებით იმავე საზოგადოებამ გადაწყვიტა ქუთაისის ქართული სკოლის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე წამეუყენებია იოსებ ოცხელის კანდიდატურა (1901 წლის იანვრიდან).
იოსებ ოცხელი თავიდანვე  შეუდგა სკოლის ძირფესვიან გარდაქმნას და  მიუხედავად ზოგიერთი წინააღმდეგობისა, შეძლო 1905 წლის რევოლუციის ქარიშხლიან დღეებში ქუთაისის ქართული სკოლის გადაკეთება კერძო გიმნაზიად. ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში.
ისებ ოცხელმა ქართული გიმნაზიის ირგვლივ შემოიკრიბა პროგრესულად მოაზროვნე ქართველი პედაგოგები, რომელთა შორის იყვნენ: სიმონ ყიფიანი, სილოვან ხუნდაძე, გერასიმე ცაგარეიშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, დომენტი ოყრეშიძე (თომაშვილი), სიმონ ოცხელი, თომა მთავრიშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, სერგო რობაქიძე და სხვები.
გიმნაზიისათვის შესაბამისი შენობის უქონლობის გამო ქუთაისის თავადაზნაურთა მოწინავე ჯგუფებისა და საზოგადო მოღვაწეების წინაშე მკვეთრად დაისვა საკითხი ქართული გიმნაზიისათვის  საკუთარი შენობის აგების შესახებ.
1907 წლის  23 სექტემბერს შედგა სათავადაზნაურო გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტისა და შენობის ამგები კომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა შენობის აგების საკითხი. გადაწყდა, რომ შენობა აგებულიყო გეგუთის ქუჩაზე (ამჟამად გ. ტაბიძის ქ. #58 ყოფილი წულუკიძის ქუჩა).
მოგონებებით ვიგებთ, რომ გიორგი ეპოსკოპოსს 1910 წელს ბალავერი  უკურთეხებია და იოსებ ოცხელს ბალავერში რამდენიმე ადგილას ოქრის მანეთიანები ჩაუყრია. შენობა ნაწილობრივ ექსპლუატაციაში შევიდა 1912 წელს, ხოლო 1913 წელს სრულად დამთავრდა.
შენობის აგება დაჯდა 93 ათასი ოქროს მანეთი ჩვენი სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია (იგი სიყვარულით ნაგებია).
გიმნაზიასთან და იოსებ ოცხელის მოღვაწეობასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა,  რაზედაც იმ ხანად არავინ ზრუნავდა. იოსებ ოცხელის ინიციატივით, მისი  პედაგოგიური კოლექტივის მონაწილეობით მრავალი სახელმძღვანელო იქნა გამოცემული და გავრცელებული.
ვრცელია იმ აღზრდილთა სია, რომლებმაც პირველი ქართული გიმნაზია დაამთავრეს და ჩვენდა საბედნიეროდ ჩვენი სამშობლოს ღირსეულ მამულიშვილებს  წარმოადგენენ.
 არ იყო იოლი გიმნაზიის თვითდამკვიდრება, ბევრი მტერი და მოშურნე ჰყავდა როგორც გიმნაზიას, ასევე . . . იოსებ ოცხელს.
1904 წლის 29 ივლისს პეტერბურგიდან მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორმა  შეატყობინა სასწავლო ოლქის მზრუნველ ზავადსკის, რომ . . .  თავადი მთავარმართებელი (გოლიცინი) არ ნახულობს დაბრკოლებას ქუთაისის სააზნაურო სკოლის პროგიმნაზიად გაკეთებისა და  თავადაზნაურობისათვის მისი დაქვემდებარების შესახებ (XI ტ. Iნ. 1492 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე).
სასიამოვნო რეალობაა, რომ 1918 წელს თბილისში ქართული უნივერისტეტის დაარსების წინ  უძღოდა 1917 წლის 17 მაისს ქუთაისში ქართული გიმნაზიის შენობაში შემდგარი სხდომა, რომელსაც უნდა განეხილა მომავალი უნივერისტეტის დაარსების საორგანიზაციო საკითხები. ივანე ჯავახიშვილისა და კრების თავმჯდომარის იოსებ ოცხელის გარდა სხდომას ესწრებოდა 23 პირი, რომელთაგან სილოვან ხუნდაძე იყო ერთ-ერთი  ინიციატორი - ამ სხდომის  ქუთაისში ჩატარებისა. სწორედ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე შეიქმნა თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება - პირველი გაერთიანება, რომელსაც მომავალი უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისათვის ზრუნვა ევალებოდა.
1911 წლის ნოემბერში იოსებ ოცხელი ექვთიმე თაყაიშვილს წერდა: „ისტორიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულმა რამდენიმე პირმა სურვილი გამოთქვა - კარგი იქნება,  ქუთაისში დაარსეს საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის განყოფილება. . იმავე წლის 4  დეკემბერს ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში შედგა ქალაქის მოწინავე ინტელიგენციის  შეკრება, რომელზედაც  ოფიციალურად იქნა განხილული ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისსაქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების განყოფილების დაარსების საკითხები, ხოლო 1913 წლის 18 თებერვალს გაიმართა დამფუძნებელთა კრება.
გარდა საერთო საქმეებისა - გიმნაზიაში ჩქეფდა კულტურულ საგანმანათლებლო მუშაობა. გიმნაზიის გუნდს ხელმძღვანელობდა ნიკო შარაბიძე, სიმებიან ორკესტრს - არტემ კვაჭანტირაძე.
გიმნაზიას ჰქონდა საკუთარი გამომცემლობა და ამასთან გიმნაზიის მასწავლებლები თავიდანვე მონაწილეობდნენ ქართულსა და რუსულ პრესაში; ისინი გაზეთებსა და ჟურნალებში აშუქებდნენ საჭირბოროტო საკითხებს და ბეჭდვითი სიტყვის საშუალებით ავრცელებდნენ პროგრესულ შეხედულებებს. გიმნაზიის მასწავლებლები  თარგმნიდნენ მხატვრულ თუ მეცნიერულ ნაშრომებს.
იოსებ ოცხელის თანამედროვეთა ცნობით, აღმზრდელი პედაგოგი  ტიფით დაავადებულ მოსწავლეს ეწვია სანუგეშოდ. მის საწოლზეჩამოჯდა დააიმედა მოზარდი. იმ დღეს მიიღო ინფექცია და იმსხვერპლა კიდეც პარტახტიანმა ტიფმა, ბოლომდე მხნედ ებრძოდა თურმე იმ დროისათვის დაუძლეველ სენს, აგონიაში მყოფიც აზრით, გონებით გიმნაზიაში ტრიალებდა, მოუხმობდა თანამოსაქმეებს. სავალალოა, რომ ასეთ სრულქმნილ პიროვნებებას, საკუთარი  შთამომავლობა არ დარჩენია. ახალგაზრდობის აღზრდისა და თავდაუზოგავი საზოგადოებრივი გარჯის გამო პირად ცხოვრებას დააკლო ხელი. ამიტომ აღინიშნა მისი გარდაცვალების მე-40 დღეს მისმა თანამოსაქმემ და მეგობარმა გერასიმე ცაგარეიშვილმა: „. . . შენ ბუნებას პედაგოგის ასპარეზისათვის გაუჩენიხარ . . . შენი ნიჭი და გამოცდილება ქართველ საზოგადოებას უფრო ფართო ფარგლებისათვის დაჭირდა . . .   შენი ცოლი და შვილი შენი საყვარელი გიმნაზია იყო, რომელსაც შენი ახალგაზრდობა და სიცოცხლე შეწირა“.
იოსებ ოცხელი 1919 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა 54 წლის ასაკში. მისი ბიოგრაფიული მოკლე მონაცემები ასეთია: იოსებ ივანეს ძე ოცხელი დაიბადა ქუთაისში 1865 წ სექტემბრის 16 (29). პირველდაწყებითი სწავლა ქუთაისის კათოლიკურ  სამრევლო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სავაჟო გიმნაზიაში, რომელიც მან 1885 წ დაამთავრა, იმავე წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე და დაასრულა იგი 1889წ. პირველი ხარისხის დიპლომით.
1892წ. მან დაარსა ქუთაისში სამაგალითო საბავშვო ბაღი, რომელიც 1903 წლამდე არსებობდა. 1904 წელს იგი  მიიწვიეს ქუთაისის სათავადაზნაურო შკოლის გამგედ. 1901წ ეს სკოლა მისი ინიციატივით უფლებიან გიმნაზიად გადაკეთდა. განსვენებული სიკვდილამდე განაგებდა ამ გიმნაზიას; იოსებ ოცხელი  დაკრძალული იქნა კოთოლიკეთა ეკლესიის გალავანში. ამჟამად მისი ნეშტი განისვენებს მწვანე ყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1913 წელს საგნების სწავლება ასე იყო გიმნაზიაში განაწილებული:
1)     საღვთო სჯული - ი. აბესაძე, ალ. გერსამია;
2)     რუსული ენა - ალ. გარსევანიშვილი, გ. ცაგარეიშვილი, დ.უზნაძე, ნ. ნუცუბიძე, მ. კობახიძე, ს. დათეშიძე, დ. ჩიმაკაძე;
3)     ქართული ენა - ს. ხუნდაძე, ვ. ბერიძე, ი. ნიკოლაიშვილი, ს. ყიფიანი, ი. ცინცაძე, დ. ლორთქიფანიძე;
4)     ფრანგული ენა - პ, ყიფიანი, ჯ. ჯორჯოკია, ალ. ჯანელიძ;
5)     გერმანული ენა - გ. სვანიძე, მ. შევარდნაძე;
6)     ლათინური ენა - მ. ჩინჩალაძე, გ. პავლოვი, ალ ჯაფარიძე;
7)     ისტორია (საზოგადო) - ალ. გარსევანიშვილი, დ. უზნაძე, მ. კობახიძე;
8)     საქ. ისტორია - ვუკ.ვერიძე, ი.ნიკოლაიშვილი, ს. ყიფიანი, ი. ცინცაძე;
9)     გეოგრაფია - დ. ქუთათელაძე, რ. ბაქრაძე, ბ. მამფორია.
10)ბუნებისმეტყველება - ს. რობაქიძე;
11)კოსმოგრაფია - ალ. ჯანელიძე;
12)ფიზიკა - ალ. ჯანელიძე, ს. წერეთელი;
13)არითმეტიკა - ალ. ნიჯარაძე, ალ. ჯაფარიძე, თ. მთავრიშვილი, დ. ლორთქიფანიძე, ლ. ჩიმაკაძე;
14)ალგებრა - ი. ოცხელი, ს. ეზიკაშვილი, ს. წერეთელი, ლ. ნიჟარაძე, ალ. ჯაფარიძე;
15)გეომეტრია - ალ. ნიჟარაძე, ალ. ჯაფარიძე, ს. წერეთელი;
16)ტრიგონომეტრია - ს. ოხელი, ს. ეზიკაშვილი;
17)ფილოსოფიის პროპედევტიკა - ტ. ჯაფარიძე;
18)კანონმცოდნეობა - ს. მიქელაძე;
19)ხატვა - ი. პაევსკი.
(აი სანატრელი და აუცილებელიჩამონათვალი აზროვნების განვითარებასა და ცნობიერებისათვის, არცერთი ზედმეტი (!)).
იოსებ  ოცხელი თეატრის, მუსიკის, მწერლობის მოამაგე იყო, სპექტაკლზე მოსწავლეთა დასწრებას წახალისების საშუალებად იყენებდა,  თეატრისადმი სიყვარულს და პატივიცემას უნერგავდა მოზარდებს, პედაგოგებთან ერთად, როგორც აღინიშნა, პირობებს უქმნიდა მსახიობებს, ქართული მუსიკის პატივისცემას ახწავლიდა მოზარდებს, ძველი სიმღერა-გალობების ქომაგი იყო, ამიტომ იყვნენ მის გვერდით იმდროინდელი საგუნდო და  საორკესტრო ხელოვნების ღვაწლმოსილი მუშაკები: ნიკო შარაბიძე, არტემ კვაჭანტირაძე: კვაჭანტირაძის მუსიკა „სევდა საქართველოს“, რომელიც ილიას ბარბაროსულ მკვლელობას ეძღვნებოდა, ოცხელის ინიციატივით მოსკოვში გამოიცა. იგი პირველად ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების წლისთავზე იქნა შესრულებული ი. ოცხელის დახმარებით გამოსცა ნ.შარაბიძემ ეროვნულ სამხმოვან სიმღერათა კრებული. გიმნაზიის მოსწავლეები იმდროინდელი ქუთაისის ყველა საინტერესო ღონისძიების მონაწილენი იყვნენ. 1912-13 წლებში კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი ეწვია ქუთაისს, ჩამოაყალიბა მომრერალთა გუნდი. გუნდის 60 წევრი გიმნაზიის მოსწავლე იყო და ფაქტიურად მისი ორგანიზება იოსებ ოცხელის უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა. გუნდმა რამდენიმე კონცერტი გამართა.  შმოსული თანხა იოსებ  ოცხელმა მთლიანად მოახმარა ღარიბ მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფარვას. ღარიბი მოსწავლეები იმ წელს გადასახადებისაგან  გაათავისუფლეს.
ცხადია - სკოლის ორკესტრს, მომღერალთა გუნდს, დრამატულ წრეს დაკისრებული ჰქონდა აღზრდის, განათლების ეროვნული სულისკვეთების გაღრმავებისა და  და საქველმოქმედო ფუნქციები.
. . .  და ასეთ სრულყოფილ (!) გარემოში აღიზარდნენ ქართული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები.
მკითხველო წარმოიდგინეთ ფალიაშვილების და ბალანჩივაძეების მუსიკალური ჰანგებით გაჟღენთილ ქუთაისის იმდროინდელ პეწიან იმერულ „სალონებში“ დები იშხნლების „სტუმრობა“. ქუთაისის ბულვარში „ვიღაც“ უცნობი ორატორი აჯადოებს მსმენელს და ეს „ვიღაც“ - მსოფლიო ლიტერატურის ვარსკვლავი. გრიგოლ რობაქიძე  მის თანატოლ კონსტანტინე გამსახურდიას თხოვს უშუამდგომლოს იოსებ ოცხელთან, რომ ნება დართოს „ეგზამენები“ დაიჭიროს ქართულ გიმნაზიაში.
იგივე სურვილი ჰქონია „პოეტების მეფესაც“ (გალაქტიონს), მაგრამ შემდეგ რეალური სასწავლებლისათვის მიუშურებია. იმ დროისათვის ქუთაისში გარდა კლასიკური და ქართული გიმნაზიებისა,   ქალაქს ასაზრდოებდა „წმინდა ნინოს სასწავლებელი“ და ვირტუალური გასეირნება წარმოვიდგინოთ ქალთა მეჯლისზე „გაპარული“ მკვირცხლი გიმნაზიელი კოწია გამსახურდია, როგორი კავალერი გახლდათ.
ჩვენდა საბედნიეროდ ძალზე გრძელია იმ გამოჩენილ პედაგოგთა და აღზრდილთა სია, რომლებიც პირველ ეროვნულ გიმნაზიაში ასწავლიდნენ, სწავლობდნენ. ერთი-ერთი მათგანია კონსტანტინე გამსახურდია. იგი „ლანდებთან ლაციცში“  იგონებს რა იოსებ ოცხელს, მას „მეორე მამას“ უწოდებს. „როცა მამა გარდამეცვალა იოსებ ოცხელმა დამამშვიდა: აღარ გყავს მამა, მაგრამ აქა ვართო შენი მშობლები, მასწავლებლები.
იოსებ ოცხელმა, სილოვან ხუნდაძემ, გერასიმე ცაგარეიშვილმა, სიმონ ყიფიანმა, იასონ ნიკოლაიშვილმა მამობრივი მზრუნველობით გამითბეს დაზაფრული გული.
„იოსებ ოცხელის ნათელი სახე არასოდეს ამოიშლებაჩემი გულიდან, იგი იყო მესხი, ახოვანი, ბრგე ვაჟკაცი, შვილები არ ჰყავდა, მაგრამ თავის მოსწავლეებს უვლიდა ისე, როგორც ზოგიერთი მამა არ უვლის თავის შვილებს...
მუდამ ფხიზლად იდგა თავის სადარაჯოზე, მოსწავლე ავად გახდებოდა თუ არა, ოცხელი უკვე თავზე დაადგებოდა. . .
ბრწყინვალე ორკესტრი, საქართველოს დიდი პატრიოტი, ხშირად ახსენებდა თავის მესხობას.
მათემატიკის შესანიშნავი მცოდნე, იგი კარგად ერკვეოდა ბიოლოგიის, ფილოსოფიის, ისტორიის, არქეოლოგიის და ნუმიზმატიკის საკითხებში.
მისი ყოველი გამოსვლა გიმნაზიის სააქტო დარბაზში, ეს იყო მჭრმეტყველების, პატრიოტიზმისა და კაიკაცობის მანიფესტი“.
ყოველი მოსწავლე თავადაა ძეგლი აღმზრდელისა, მაგრამ . . . კონსტანტინე გამსახურდიამ მისი ინიციატივით, შემოიკრიბა ირგვლივ 148 თანამედროვე „ოცხელელები“ გიმნაზიიდან და ფიზიკურადაც დაუდგენ ბიუსტები სკოლის ეზოშიც და მწვანე ყვავილას პანთეონში ფაქსიმილით: „ღირსეულ პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწეს მადლიერი მოწაფეებისაგან“. ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ მადლიერების გრძნობა ასე გვაკლია (!).
საბჭოთა ხელისუფლების წლებში პირველმა ქართულმა გიმნაზიამ ფორმაცია შეიცვალა. თვით შენობამაც შეიცვალა დატვირთვა. საბჭოთა საქართველოში უკვე არსებობდა მუშათა კლასისათვის „ხელშეწყობა“, სწავლას დაწაფებულნი სხვადასხვა სასწავლებლებში ეწაფებოდნენ განათლებას. მოიმატა სკოლებმა და ამდენად გიმნაზიამ თავისი „ფუნქცია დაკარგა (?). სამამულო  ომის წლებში ამ შენობაში ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ის უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც გიმნაზიის ეზოდ ითვლებოდა „წითელმა ხელისუფლებამ“ სხვადასხვა სოციალურ ფუნქციებს გადაუნაწილა. ეზოს ორი პარალელური ქუჩა ესაზღვრებოდა („გეგუთის ულიცა“ და „მესხეთის ულიცა“) დასავლეთის მხრიდან „გუბერნატორის სახლი“ ესაზღვრებოდა შემდგომში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო. აღმოსავლეთის მხრიდან ახლანდელი ნიკო ლორთქიფანიძის ქუჩა.  წითელმა ხელისუფლებამ სამოსახლოებად „დააჩუქა(?)“ ეზოს შემოგარენი . . . და იქამდე „საპარადო“  ჭიშკარიც კი აღარ დაუტოვა და მხოლოდ  - „გეგუთის ქუჩის“ მხრიდან დარჩა  ოფიციალური შემოსასვლელი. მოსახლეობასაც ეზოთა და ნაგებობათა უკანა ნაწილი შეურაცხმყოფელად არის სკოლისადმი „მიშვერილი“. (მობინადრეთა მორალთან და ეთიკის ნორმებთანაა დაკავშირებული სკოლის ეზოს ბედი, სახლების უკანანაწილები, ზოგჯერ ქათმებს გადმოდენიან, ზოგჯერ ლეიბებს და საბნებს გადმოაფენენ გასამზეურებლად და . . . ვისაც არ ეზარება გადმოდის ეზოში და რაც მას მოსწონს იმ ხეს რგავს იმ მოტივით მე მოვუვლიო.
ამ გაძარცვულ (!) ეზოს შემდეგ წლებში ზნეობრივი (!) სკოლის დირექტორებიყვავილნარით აპატიოსნებდნენ. საბჭოთა სკოლამაც მრავალგზის შეიცვალა ფორმაცია. ხან 9 წლიანი არასრული სკოლა იყო, ხან ვაჟთა მე-2 საშუალო სკოლა, ხან აკაკი წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლა, შემდეგ მე-2 საშუალო სკოლა იწოდება იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საშუალო სკოლად, 1890 წლიდან (ამ პროექტის თანაავტორის მონდომებითა და ძალისხმევით. იგივე თანაავტორმა დააარსა - „იოსებ ოცხელის საზოგადოება“ და რამდენიმე წლის შემდეგ ეცადა და „მოახერხა“ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მოტივით და საგანთა იმ ჩამონათვალთა გათვალისწინებით სასწავლო პროცესში სკოლამ ერთხელ კიდევ შეიცვალა ფორმაცია და . . .  1995 წლიდან არსებობდა „იოსებ ოცხელის სახელობის N2 გიმნაზია“.  შემდგომ  წლებში იწოდება - „იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლად  სკოლად“ დღემდე.

სკოლას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ დირექტორები: ა. ჭიჭინაძე, ა. გარსევანიშვილი, ვ. ყიფიანი, თ. ადამაძე, ი. ვასაკიძე, კ. კუჭუხიძე, ნ. ნუცუბიძე, ი. გენძეხაძე, ვლ. ხოტივარი, ა. გოგელია, ა. სანდუხაძე, გ. თევდორაძე, ა. ძაგნიძე, მ. ჭოხონელიძე, ა. ძაგნიძე, გ. მჟავანაძე, ს. სარალიძე, ა. ძაგნიძე, მ. ჯიშკარიანი.

0 კომენტარი: